X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ერევანში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომა გაიმართა

29 ივნისი 2019

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით ქართულმა დელეგაციამ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივ მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-10 სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა 26 და 27 ივნისს ქალაქ ერევანში გაიმართა. 

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ეკონომიკის, ვაჭრობის, ჯანდაცვის, განათლების, ტურიზმის  და სხვა სფეროებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე,  მოუსმინეს ორი ქვეყნის წარმომადგენლების თემატურ მოხსენებებს. კომისიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს და სომხეთის ეკონომიკის, საგარეო, ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის სამინისტროს, სავაჭრო-სამრეწველო პალატის და სხვა უწყებების წარმომადგენლებმა. 

სომხეთის მხრიდან კომისიას ხელმძღვანელობდა სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ავანიანი. 

საქართველოს და სომხეთის ვიცე-პრემიერებმა თავიანთ სიტყვაში ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობას და 8-წლიანი პაუზის შემდეგ კომისიის მუშაობის განახლების მნიშვნელობას. მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებზე, ქვეყნის მიღწევებზე, ხელსაყრელ  საინვეტიციო და სავაჭრო გარემოსა და პოტენციალზე. 
„ორი დღის განმავლობაში განვიხილეთ არაერთი მნიშვნელოვანი თემა და საკითხი. საკმაოდ მძიმე და შედეგიანი სამუშაო გაწიეს ორივე ქვეყნის ექსპერტებმა, რის შედეგადაც, სხვადასხვა მიმართულებით, შეთანხმდა ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები. მოხარული ვარ, რომ მოვახერხეთ ერთობლივი ხედვების ჩამოყალიბება, რაც დარწმუნებული ვარ არის საწინდარი ჩვენი ქვეყნების კიდევ უფრო დაახლოებისა და ასევე გვიხსნის შემდგომი ნაყოფიერი თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს,“- განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა სომხეთის და საქართველოს შესაბამისი სამინისტროების და უწყებების თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის და დაგეგმილი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარებისათვის. ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა მომდევნო მთავრობათაშორისი კომისიის ჩასატარებლად 2020 წელს სომხეთის დელეგაცია საქართველოში ოფიციალურად მიიწვია. 

მთავრობათაშორისი კომისიის ფორმატში, 28 ივნისს სომხეთ-საქართველოს ბიზნეს-ფორუმიც გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის 200-მდე ბიზნესის წარმომადგენელი დაესწრო. გარდა პანელური დისკუსიისა, ფორუმის მიმდინარეობისას ქართველ და სომეხ ბიზნესმენებს ჰქონდათ საქმიანი შეხვედრები სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლისა და დაგეგმვის მიზნით.